22-11-2023
ედინბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან, სერ სტივ სმიტთან.
მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების განხორციელების გზით.
გიორგი ამილახვარმა სერ სტივ სმიტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს ხედვა გააცნო, რომელიც ორიენტირებულია, უცხოეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებაზე.
მინისტრმა საუბრისას საქართველოსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოში ბრიტანული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით უმაღლესი განათლების განხორციელებას.
უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა სერ სტივ სმიტმა საქართველოსთან თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა და მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, ედინბურგში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით ''GoingGlobal 2023''.