4-12-2017
ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს მთელი დღის განმავლობაში მუქარის წერილები მისდის. ამის შესახებ ირმა მთიულიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ასლები წარუდგინა.
სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან შესული შეტყობინების მიხედვით, მოქალაქე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
გარდა იმისა, რომ ის ქალბატონს შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილებს უგზავნის, ცხოველთა დამცველს დაპატიმრებით ემუქრება და საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო პროცედურებსაც უხსნის.
ირმა მთიულიშვილს ემუქრებიან, რომ თუ მან დაუყოვნებლივ არ გააუქმა სტატია, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საცხოვრებელი სახლის წინ მოუსპობენ სიცოცხლეს.
რედაქცია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული საქმე და დამნაშავე პირები დაისაჯნონ.
შეგახსენებთ, გუშინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვით, სოფელ ვარიანში მეძებარი ძაღლი ნაგაზმა დაგლიჯა. ირმა მთიულიშვილს დახმარების მიზნით, მეძებრის მეპატრონემ მიმართა და განუცხადა, რომ მისი და სხვა ძაღლების დაგლეჯვის ფაქტებზე სოფლის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ თადეოზის (ქებაძე) ნაგაზი ფიგურირებს.
დეკანოზი თადეოზი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ის დღეების განმავლობაში ეკლესიის მსახურებითაა დაკავებული და შვილების ძაღლებთან არანაირი შეხება აქვს: ,,მე მივმართავ ამ ადამიანებს, შემხვდნენ, დავილაპარაკოთ. თქვენგან მესმის ეს ფაქტები და აქამდე არც გამიგია" - აცხადებს ეკლესიის წინამღძვარი.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"