27-11-2023
ლუდის ბაღი და რესტორანი“სადგური“, რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარეობს, თიბისის ბიზნესდაჯილდოების 2022 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „რეგიონის განვითარებისთვის“. აღებული ჯილდოს დახმარებით კომპანიამ რესტორნის ტერიტორიაზე არსებული 300 კვმ დარბაზისთვის აპარატურა შეიძინა, რითაც თავისი საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.
კომპანიის ისტორიასა და ამ ისტორიით სოფელში დაწყებულ ახალ ცხოვრებაზე „სადგურის“ დამფუძნებელი, გიორგი ბარათაშვილი გვიამბობს:
„2016 წელს, როცა პირველად მოვხვდი ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში, ძალიან მომხიბლა მისმა არქიტექტურამ და გამორჩეულმა, სრულიად უცხო განწყობამ. მივხვდი, რომ ამ ადგილს, თავისი ისტორიით, უნიკალური ეთნოგრაფიითა და კულტურით, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი ჰქონდა.
აქ თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი გერმანელების მიერ 19-საუკუნეში აშენებული სახლები, ინფრასტრუქტურა, ღვინისა და გასტრონომიულიკულტურა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ასურეთში შეგვეძინა ფართი და დაგვეწყო გასტრონომიული ბიზნესი.
2020 წელს შევისყიდეთ გერმანელების მიერ 1933 წელს აშენებული სამანქანო და სატრაქტორო სადგურის შენობა თავისი ეზოთი და ადმინისტრაციული ნაგებობით და დავიწყეთ ბიზნესის დაგეგმვა.
მოვახდინეთ შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია და 2022 წელს გავხსენით ლუდის ბაღი, ეგრეთწოდებული გერმანული „ბიერგართენი“ და რესტორანი, რომელსაც „სადგური“ დავარქვით.
გერმანელების წასვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ქართველები, ძირითადად რაჭველები დასახლდნენ. ასე შეიქმნა უნიკალური, რაჭულ-გერმანული კულინარიული და ღვინის კულტურა.
ადგილობრივებისგან მოვიძიეთ ძველი გერმანული რეცეპტები,რომლებიც საინტერესო იმითაა, რომ ეს გერმანული კერძები რაჭული კულინარიული ელემენტებითაა გამდიდრებული. ჩვენი მენიუ ძირითადად ასეთი კერძებისგან შედგება. აღვადგინეთ ასევე გერმანული ძეხვეულის კულტურა, ნედლი სოსისები, რომლებსაც ადგილობრივები გვიმზადებენ.
განსაკუთრებული ადგილი ამ მენიუში რა თქმა უნდა, ღვინოს უკავია, რომელიც ასევე გერმანული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გერმანელებს აქ მოჰყავდათ ყურძნის უნიკალური ჯიში, „შალა“. შემორჩენილია მათ მიერ საგანგებოდაშენებული მარნები და სარდაფები თავისი კასრებით, ჩანებით, ტექნოლოგიით. რაჭველებმა ეს მემკვიდრეობა თავისებურად გააგრძელეს, არ შეუწყვეტიათ ღვინის წარმოება. სულ მალე კი ამ საქმეს ჩვენც მივყოფთ ხელს და ჩამოვასხამთ ჩვენს ღვინოს - „ასურეთულ შალას“, „სადგურის“ ლოგოთი.
იმ დროს, როცა სადგური გავხსენით, სოფელში არ არსებობდა სხვა საკვები ობიექტი. თუმცა სულ რამდენიმე თვეში მივხვდით, რომ ჩვენი აქ დამკვიდრების შემდეგ ასურეთში ცხოვრება სულ სხვანაირად აჩქეფდა. ჩამოდიოდა და გვსტუმრობდა უამრავი ტურისტი, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ამიტომ რესტორანს დავამატეთ კიდევ ერთი ღია სივრცე და ასევე დახურული სივრცე კორპორაციული და კერძო ღონისძიებებისთვის.
მალევე სოფელში გაჩნდა სხვა საკვები ობიექტებიც, სასტუმროც, შენდება ცხენების ფერმა, აიწია უძრავი ქონების ფასმაც. დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა, მათგან ვყიდულობთ ნედლეულსაც. ეს ყველაფერი, ცხადია, დადებითად აისახა სოფლის ეკონომიკაზეც.
სწორედ ამიტომ, როცა 2022 წელს გამოცხადდა ბიზნესდაჯილდოება, განაცხადი შევიტანეთ ნომინაციაში „რეგიონის განვითარებისთვის“.
ჯილდოს დახმარებით ჩვენი დარბაზისთვის შევიძინეთ საპრეზენტაციო და მუსიკალური გაფორმებისთვის საჭირო აპარატურა, რომლის წყალობითაც დღეს აქ უკვე შესაძლებელია სრულყოფილი ღონისძიებების ჩატარება, იქნება ეს გამოფენა, პრეზენტაცია, ქორწილი, კორპორაციული წვეულება ტუ ფესტივალი. რამდენიმე ასეთი ღონისძიება უკვე შედგა.
წელს მოვაწყვეთ გერმანული ფესტივალიც „ოქტობერფესტი“, რომელსაც ჩვენ „ოქროსფერფესტი“ დავარქვით. მთელი ფესტივალის განმავლობაში, ამ აპარატურის დახმარებით, უკრავდა ცოცხალი მუსიკა.
ამ ფესტივალით საფუძველი ჩაეყარა ახალ, საფესტივალო მიმართულებას, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო დაიხვეწება და მასშტაბს შეიძენს. ეს ამ აპარატურის გარეშე ვერ მოხდებოდა.
ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება ჩვენნაირი დამწყები ბიზნესებისთვის იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ამ გამარჯვების შემდეგ გაგვიცნო კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, სამჯერ გაიზარდა სტუმრების რაოდენობა და შესაბამისად გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობაც - კიდევ უფრო გავლამაზდეთ, დავხვეწოთ ჩვენი რესტორანი და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამ რეგიონით, რომელშიც უკვე სულ სხვანაირად ჩქეფს სიცოცხლე.“