გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალი ქვეკომპონენტი „კენკროვანი კულტურები“ საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება

21-09-2018

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, რევაზ ასათიანმა დუშეთის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნეს.


„მრავალწლიანი კულტურების გაშენება სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ყველა, მათ შორის მცირე მწარმოებელიც, იყოს ჩართული განვითარების პროცესში. ახალი ქვეკომპონენტი, „კენკროვანი კულტურები“ სწორედ მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ პროექტით დაინტერესებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, აღნიშნული პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღოს სარგებელი.


ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.


ქვეკომპონენტი განხორციელდება:


იმერეთში - საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;


გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;


რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; 


სამეგრელო-ზემო სვანეთში - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;


მცხეთა-მთიანეთში - მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.


ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.


სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო.


პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.