გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო თანდილაშვილი შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

1-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც მიმდინარე პროექტებს, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, ჰაერის ხარისხის მართვასა და ჰაერის ხარისხის კონტროლის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას. მომავალი წლისთვის დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსთან.


ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის შვედეთის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.


„მოგეხსენებათ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ არაერთი მიმართულებით - მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწა, გამკაცრდა სამრეწველო საქმიანობის ზედამხედველობა, ასევე, გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების დარღვევისთვის სანქციები, სამრეწველო ქარხნებს უწყვეტი თვითმონიტორინგის ვალდებულება დაეკისრათ, საწვავის ხარისხი შესაბამისობაში უნდა იყოს ევრო 5 სტანდარტთან, მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის საგზაო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური, ახლა არის 9 ავტომატური და 2 მობილური სადგური. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო გეგმავს მონიტორინგის ქსელის შემდგომ გაფართოებას ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავდა SIDA/UNDP პროექტის ფარგლებში, გამოცდილი ევროპელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ევროკავშირისა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს" მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, 2024-2025 წლებში დაგეგმილია ქვეყნის სრულად დაფარვა მონიტორინგის სადგურებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და კიდევ მეტ შედეგს მივაღწევთ”,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული აქტივობები დადებითად შეფასდა ევროკავშირის მოხსენებაში.


პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“, საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.