24-09-2018
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, 51 წლის ქალი დააკავეს. შემთხვევა სოფელ ატენში დღეს, 23 სექტემბერს, მოხდა.
დეტექტივ-გამომძიებელ მაკა კაპანაძის განცხადებით, 112-ე შესული შეტყობინების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 21 სექტემბერს გამოწერილი ორდერის დარღვევის ფაქტს. მოსამართლე ნინო შარაძემ ქალბატონს ამჯერად სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა.
საქმის მასალების მიხედვით, ორი დღის წინ, 2018 წლის 21 სექტემბერს მეუღლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ქალბატონს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალბატონმა მოსამართლეს განუცხადა, რომ დღეს ქმრის სახლში, მხოლოდ, ტანსაცმლის წამოსაღებად მივიდა.
ასევე ირკვევა, რომ ქმარს, ოჯახში ძალადობის მუხლით, პატიმრობა აქვს მოხდილი. მოსამართლის კითხვაზე, თუ სად ცხოვრობს ამჟამად ქალბატონი, უპასუხა, რომ მეზობლად, დის სახლში. ,,ჩემი დაც დაჭერილია და სახლი მე დამიტოვა," - განუცხადა სამართალდამრღვევად ცნობილმა ქალბატონმა მოსამართლეს.
პროცესზე, გამომძიებელმა მაკა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ხან ერთი და ხან მეორე მხარე ხშირად იძახებს.