6-12-2023
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 21 სამხედრო პირისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. 17 მეომრის ნეშტი, 7 დეკემბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაიკრძალება, ხოლო 4 მებრძოლისა კი, მათი ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოზე.
2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.
2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ, მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.