24-09-2018
გორში, სადგურის დასახლებაში, კერძო საბავშვო ბაღი შენდება. იქვე, დაახლოებით, 100 მ-ის დაშორებით საბავშვო ბაღს გორის მერიაც აშენებს.
კერძო საბავშვო ბაღის მშენებლები ამ წუთებშიც მუშაობენ. თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული საბავშვო ბაღის პროექტი კი თითქმის 2 წელია დაუსრულებულია.
კერძო აღმზრდელობითი დაწესებულება ფეხბურთის ფედერაციის შიდა ქართლის ბიუროს ყოფილ შენობაში განთავსდება. ფედერაციის ქონება 2015 წელს გაიყიდა და მისი მყიდველი, რეესტრის მიხედვით, დავით სიდამონიძეა.
მშენებარე ობიექტს საინფორმაციო დაფა არ გააჩნია. ამიტომ, მისი დანიშნულების შესახებ, მშენებლებს ვკითხეთ. მათი თქმით, საბავშვო ბაღი პირველ სართულზე იქნება, ხოლო მეორე სართულზე - სასტუმრო.