გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს, გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას“ - ირაკლი კობახიძე

15-12-2023

„ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა, გამოვიარეთ ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა მოგვცა. ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება. გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.


11 წლის წინ აქ, თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა. საქართველოს დღევანდელ ევროპულ წარმატებას სწორედ მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი. ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა თაობის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, ქართველ ემიგრანტებს. მადლობა თქვენ, ერთად დგომისთვის, ერთად ბრძოლისთვის და ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის.


მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და მხარში ედგნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. საქართველო არის ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში, როგორც ძლიერი ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.