გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: რადიკალებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ: მხოლოდ ევროსაბჭოს მიანიჭონ საპატიო „რუსული“ წოდება - „პუტინის მონები“, თუ მხოლოდ მინიჭებული სტატუსი შერაცხონ „რუსულად“

16-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობაზე წერს.


როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, სტატუსის მინიჭების შემდეგ რადიკალურ ოპოზიციას ესაჭიროება 5 (ნაცებისთვის საკრალური რიცხვის) სტადიის გავლა: უარყოფის, მრისხანების, ვაჭრობის, დეპრესიისა და შეგუების.


„ქართული რადიკალური „ოპოზიცია“ გადის ახლა თავისი ევოლუციური განვითარების ყველაზე რეგრესიულ სტადიას, რაც პოლიტიკური ჰუმანიზმის ფარგლებში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. მარტივიდან უმარტივეს მამრავლებად პარტიული დაშლის პროცესი, ამჟამად დამძიმებულია ისტერიული მწვავე ნევროზის განვითარებით, რომელიც მათში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.


ამ რეციდივის საწყისი ფაზა მიმდინარეობდა ნარატივით: „ამათ ხელში სტატუსს არ მიგვანიჭებენ - ესენი უნდა შევცვალოთ“. ამჟამად ნარატივმა განიცადა მცირეოდენი სახეცვლილება: „ამათ ხელში სტატუსი მოგვანიჭეს - ესენი უნდა შევცვალოთ“. ამ ორ ფაზას შორის მწიფდებოდა და ჩირქოვანი ძირმაგარასავით გასკდა დილემა: ვის უნდა დაჰბრალებოდა მიღებული მოცემულობა და რას უნდა მიაკერონ ამჟამად, ლიცენზირებული „რუსული“ იარლიყი.


ყველანაირი მანამდელი ლოგიკით, გადაწყვეტილების მიმღები ევროსაბჭო აშკარად „რუსული“ უნდა იყოს, ისევე, როგორც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აშკარად, „რუსული სტატუსია“. თუმცა თავისიანებში ამ სტიგმების გავრცელების თაობაზე სექტის პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია, ხოლო „ვივამედის“ მავზოლეუმიდან „უმაღლეს ქურუმს“ თავისი ეპისტოლარული მოსაზრება ჯერ არ გაუმხელია.


ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღებას ამერიკელი ფსიქოლოგის, ელიზაბეტ კიუბლეს-როსის თეორიის თანახმად, ესაჭიროება 5 (ნაცებისთვის საკრალური რიცხვი) სტადიის გავლა: უარყოფა, მრისხანება, ვაჭრობა, დეპრესია და შეგუება. უარყოფის სტადიის მოწმენი უკვე გახლდით: „გამორიცხულია, შანსი არაა, „რუსულ ოცნებას“ სტატუსს არ მიანიჭებენ; ეს მათ არა - ხალხს მისცეს“ და ა.შ.


თუმცა, მიანიჭეს და ამით დაიწყო მეორე სტადია - მრისხანება, რომლის დანახვა შეგვეძლო უკანასკნელ 24 საათში სოციალურ ქსელებში და მათ „ოფშორმედიების“ საინფორმაციო სივრცეში. ოდნავ უფრო მრავალუჯრედიანი სექტანტები უკვე ცდილობენ ვაჭრობის სტადიაზე გადანაცვლებას, რომ „თლა“ თქვენი დამსახურებით არ მოხდა „აგი“, რომ „მამენტ“ ჩვენც ხელი შევუწყვეთ და „გაგვიხარდა“, და ამ პროცესის შემდგომ გაგრძელებაში (why not) ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობაო.


საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადარჩენის მიზნით, ევროსტატუსმინიჭებულ „რუსულ ოცნებასთან“ ეს იძულებითი კომპრომისული თანამშრომლობის პერსპექტივა აუცილებლად გადავა ღრმა დეპრესიის სტადიაში, სადაც ინდივიდუალური მოწყვლადობის მიხედვით, ზოგს „ზაპოი“ ელის, ზოგს - „ნარკოლომკა“, ზოგს - ოჯახის დანგრევა, ზოგს კი - სუიციდური ციებ-ცხელება.


აი, ვინც პატივცემული ამერიკელი ფსიქოლოგის თეორიის თანახმად ცოცხალი და, პირობითად, ჯანმრთელ ფსიქიკურ მდგომარეობაში, ამჟამინდელი ისტერიული ნევროზის დაძლევით, მეხუთე - შეგუების სტადიამდე მიაღწევს, დიდი ალბათობით მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ბრძოლაში, თანაც ახალ, ევროსტატუსმინიჭებულ გარემოში.


მანამდე კი მათ ურთულესი ფსიქიკური რეციდივის დაძლევის პროცესი აქვთ წინ და ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: მხოლოდ ევროსაბჭოს მიანიჭონ საპატიო „რუსული“ წოდება - „პუტინის მონები“ და ა.შ., თუ მხოლოდ მინიჭებული სტატუსი შერაცხონ „რუსულად“; თუ ეს ორივეს ერთად მიაკერონ, რათა პოლიტსაბჭოს სხდომის შეკრება ორგზის არ მოუწიოთ. საკითხავი ეს არის...“, - წერს დავით ქართველიშვილი.