გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების ანგარიშში საქართველო მეორე ადგილზეა

16-12-2023

ავსტრიაში, ქ. ვენაში ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რიგით 21-ე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობდა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების 2023 წლის ანგარიში განიხილეს. ანგარიშში ასახული იყო ევროკავშირის სექტორულ კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებისა და შემდგომ აღსრულების საკითხები.

 

საქართველო გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში ერთ-ერთი მოწინავეა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის. საქართველო მეორე ადგილზეა მონტენეგროს შემდეგ და უსწრებს ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ სახელმწიფოს.

 

ანგარიშის თანახმად, საქართველომ საჭირო ნაბიჯები გადადგა საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, კერძოდ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს გარემოსდაცვითი მიმართულებით. ევროკომისიის წარმომადგენლებმა მოიწონეს მოცემული ანგარიში და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 წლისათვის კლიმატ-ნეიტრალიტეტის მიღწევის სამიზნით.

 

ნინო თანდილაშვილმა, მადლობა გადაუხადა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ევროკომისიას შეფასებისათვის, ასევე მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის და გარემოსდაცვითი რეფორმების გასატარებლად გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის პროცესში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ბიომრავალფეროვნების დაცვის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემის დანერგვისა და სამრეწველო ემისიების კონტროლის კუთხით.

 

მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი და სამდივნოს წარმომადგენლები.