გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური და მასში ცალსახად ჩანდა, თუ როგორია განსხვავება ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის

18-12-2023

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ცალსახად ჩანდა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბოლო 11 წლის განმავლობაში. პრემიერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამხელა სხვაობაა ქვეყნის განვითარების კუთხით", - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამასთან, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ეხება არამხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას და პროგრესს, არამედ, ფაქტობრივად, ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტს.


ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ლევან დავითაშვილმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, პრემიერის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცხადყოფს, რომ ქვეყანა წინსვლის პროცესშია ფაქტობრივად, ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები, განათლების, ჯანდაცვის სფეროები, სამოქალაქო წესრიგი, სასჯელაღსრულების, სასამართლოების მიმართულება თუ სხვა.


„ასევე როგორ შეიცვალა ქვეყანაში მმართველობა, როგორ გაუმჯობესდა ქვეყანაში დემოკრატია - ეს ყველაფერი საბოლოოდ პრემიერმა შეაჯამა იმ საერთაშორისო ინდექსებში, რომელიც აღიარებს საქართველოს ცალსახა ლიდერობას რეგიონში. საქართველო ლიდერია ძალიან ბევრი მაჩვენებლის მიხედვით - მათ შორის მმართველობის კუთხით, კორუფციის აღქმის, ზოგადად ეკონომიკის პროგრესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკის ნაწილში, მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ სიღარიბე დავძლიოთ და ქვეყანა იყოს წარმატებული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, იმ პროგრესის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არის შეფასებული, საქართველო შემდეგ წლებში ლიდერი ქვეყანა იქნება არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში.


„ასე რომ, პრემიერის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური, მოიცავდა საზოგადოებრივი ცხოვრების, მათ შორის ეკონომიკის ბევრ მიმართულებას და მასში ცალსახად ჩანდა, თუ როგორია განსხვავება ჩვენს ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებას შორის. და ეს ყველაფერი ობიექტურ მონაცემებს ეფუძნება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.