გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო თანდილაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი პროგრამები განიხილა

19-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი პროგრამების „USAID-ის სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამა“ და „USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა“ განხორციელების საკითხები განიხილა. მხარეებმა პროგრამების მნიშვნელობაზე, განხორციელების ვადებზე და მონაწილეთა როლზე გაამახვილეს ყურადღება.


„აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის. USAID-თან ერთად ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განვახორციელეთ. ახალი პროგრამების დაწყებამდე უნდა განვსაზღვროთ რა საჭიროებები გვაქვს და რომელი პროექტი რომელ მიმართულებას დაფარავს. სამინისტრო, ქვეუწყებებთან ერთად, მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროცესში; ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ახალი პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


USAID-ის სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამა 2023-2028 წლებში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. პროგრამის მიზანი, დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში წყლის მართვის ხელშეწყობაა. პროგრამა ხელს შეუწყობს გარემოს და წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთო პრიორიტეტების ჩამოყალიბებას და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა 2023-2026 წლებში განხორციელდება და მისი მიზანი, საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დაყრდნობით, ტურიზმის სფეროში გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 6 მილიონიანი პროგრამა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სამთავრობო უწყებებს ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად გააერთიანებს. პროგრამის განხორციელება რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას დაეხმარება, რაც ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის სტრუქტურებთან. აშშ-ის მხრიდან გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ, განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისათვის, 2008 წლიდან დღემდე,  დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.