25-12-2023
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია რიზეს რეჯებ ტაიპ ერდორანის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტი რიზეს უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის არსებული ერაზმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ორ უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების განხილვას.
რეჯებ ტაიპ ერდორანის სახელობის უნივერსიტეტში სტუმრობისას თსუ-ს დელეგაცია შეხვდა რექტორს, პროფესორ იუსუფ ილმაზს, პრორექტორს, პროფესორ ნები გუმუშს და პროფესორ მეთე ავჯის, ასევე საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს იასემინ ნეჯმიე თუთარს, ფაკულტეტების დეკანებს, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულებებით ერთობლივი სამაგისტრო და კოტუტელის ტიპის სადოქტორო პროგრამების ინიცირება;
კლინიკური სიმულაციების ცენტრსა და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტს შორის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების სქემის შემუშავება; ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სტუდენტებისთვის თსუ-ში საზაფხულო სკოლა-ბანაკის ორგანიზება; ქართული ენის და ლიტერატურის პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ რეჟიმში სწავლების მეთოდებსა და მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით სემინარების ორგანიზება; სტუდენტური სპორტული გუნდების ერთობლივი თამაშები; ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ CBHE ტიპის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, ასევე ორ უნივერსიტეტში არსებული ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტების გაცვლა კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის მიზნით.