25-12-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე - ,,ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ". დოკუმენტის შემუშავების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცებას; სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფას; თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას.
მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე. ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება. ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა. აღნიშნული პროექტები თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს. ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.