26-12-2023
ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა, 10 წლიანი მმართველობის, როცა არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და პრაქტიკულად გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა გაკეთება და აშენება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლებში აქტიური მუშაობა დაიწყო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ასევე, მუშაობენ მსხვილ პროექტებზე.
„ჩვენ ბოლო წლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე დიდი, მსხვილი პროექტების, როგორიც არის ანაკლიის პორტის, აეროპორტის განვითარება. გრძელდება ასევე მუშაობა შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც ძალიან მალე გამოიკვეთება, რამდენიმე თვეში გვექნება საბოლოო კვლევა. ამას გარდა, მიმდინარეობს აქტიური აღმშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში, მთელს ქვეყანაში. ამიტომ, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი აქტიური მუშაობა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს კეთილდღეობა, ეს ეკონომიკური წინსვლა, განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე. მე ვიწყებ და მინდა დავამთავრო დღევანდელი სიტყვა იმით, რომ მშვიდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კარგად მოგვეხსენება ჩვენი უახლესი ისტორია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა, 10 წლიანი მმართველობის, ჩვენი ხელისუფლების, როცა არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომი, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება, უბედურება, ტრაგედიები, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია და აშ.. რამაც ძალიან უკან დახია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ პრაქტიკულად გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა გაკეთება და აშენება. ამას წინ ჩვენ გვქონდა საუბარი ეკონომიკურ საბჭოზე, მოგეხსენებათ, ჩვენ ინტენსიურად, ყოველ კვირა ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტთ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც არის, რეალურად ჩვენ გვიწევს ხელახლა ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ეს არ ეხება მხოლოდ გზებს და ინფრასტრუქტურას, არამედ ყველა ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს. ასე რომ, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო გზა გასავლელი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის შენარჩუნება, რამაც ქვეყანას მოუტანა აი ეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა თქმა უნდა, იმ რეფორმების გაგრძელება, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა მოგილოცოთ, პატივცემულო ელჩებო, დიპლომატებო. ეს თქვენი გამარჯვებაა, ეს თქვენი წარმატებაა და ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მინდა გისურვოთ წარმატებები და ბედნიერი ახალი წელი და შობა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.