გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძე: განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრეზე გამოცხადდა

29-12-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 800 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრით გამოაცხადა, რაც პირველი აუქციონის ოდენობას თითქმის სამჯერ აღემატება.


აუქციონი შეეხება შემდეგ კატეგორიებს: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია.


„პირველმა აუქციონმა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა, კერძო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ დროისათვის, გამოვლენილია 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც ენერგეტიკულ პროექტებში 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. მეორე აუქციონი პირველზე თითქმის სამჯერ მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის შექმნას ითვალისწინებს. იმედი გვაქვს, რომ მეორე აუქციონის მიმართაც კერძო სექტორის მხრიდან არანაკლები ინტერესი იქნება გამოხატული, მით უფრო, რომ ამჯერად აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მეორე აუქციონის გამოცხადება ახალი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, რომ მათ კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში განახორციელონ და ამით ხელი შეუწყონ როგორც დარგის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.


აუქციონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად გამოცხადდა. სიმძლავრის აუქციონი ძალაშია მისი გამოცხადებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში დაინტერესებული პირები შეძლებენ, სიმძლავრის აუქციონის კომისიას სათანადო დოკუმენტაცია წარუდგინონ.