გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი

15-01-2024

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2023 წლის მონაცემები შეაფასა. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა - მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის კუთხით 2021 წლიდან დღემდე, საქართველოში მესამედ რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.


„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ახალი რეკორდი დამყარდა - 2023 წელს 9.1 % ით გაიზარდა და 6.1 მილიარდი დოლარი გახდა ექსპორტი, იმპორტი 14 % ით გაიზარდა და 15.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5% ით გაიზარდა და ჯამში 21 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სექტორებში ბევრი სირთულე და გარკვეული შეფერხებები იყო", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა განაპირობებდა მაღალ სავაჭრო ბრუნვას. ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს არსებული გლობალური კონტექსტის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა, რომ თავისუფალი ეკონომიკური გარემოს პირობებში ყოფილიყო მნიშვნელოვანი სავაჭრო პლატფორმა.


„საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან საქართველოს გამოყენება ხდება ფაქტობრივად, როგორც მაკავშირებლის სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკებთან და ბაზრებთან. ამიტომ ექსპორტის ოპერაციები იყო ისტორიულ პიკზე. საქართველო არის ასეთი თავისუფალი, გახსნილი პლატფორმა სავაჭრო ურთიერთობებისთვის და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი საგარეო ვაჭრობის კუთხით. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის წარმოება უნდა შევძლოთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ექსპორტის მიმართულებით ესეც მოგვეხმარება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის" მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებაზე - სააგენტომ ის „BB" დონეზე დატოვა პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყოს.


„თუმცა, იცით რომ რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონალური გამოწვევები, რეგიონალური გეოპოლიტიკა და გვესმის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ჩვენ ნაკლებად ხელგვეწიფება ეს კონტექსტი შევცვალოთ. მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შიდა მდგომარეობა იმისთვის, რომ საკმაოდ კარგი შეფასება გვქონდეს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ „ფიტჩის" მოლოდინით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება - 5%-ზე მეტად, რაც, მისი თქმით, საკმაოდ ახლოს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო წელს ეკონომიკური ზრდის ტენდეციას შეინარჩუნებს, მომავალ წლებში კი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება.