28-09-2018
საქართველოს ბრიტანელი ღვინის იმპორტიორების, ჟურნალისტებისა და ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group“-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, ბრიტანელი პროფესიონალები იმერეთში, ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ შემდეგ კომპანიებს ეცნობიან: “ვარციხის მარანი”, “მეღვინეობა ხარება”, „გიორგი ნათენაძის მარანი”, “იაგოს მეღვინეობა”, “მეღვინეობა სთორი“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“, „მათრობელა ვაინსი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS“, „გიუაანი“ და „მეღვინეობა ლუკასი“. ისინი, ასევე მეთუნე, ზაზა კბილაშვილს ესტუმრნენ, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, დენიელ ილსლის (Theatre of Wine) ინფორმაციით, ბრიტანელები ქართულ ღვინოებს დიდი ენთუზიაზმით აგემოვნებენ.
„ეს ლონდონის საზოგადოების ორივე ნაწილს ეხება: ლონდონში მცხოვრებ ტრადიციების მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ქინძმარაულს და ახალგაზრდა ბრიტანელებს, რომლებსაც ახალი არომატებისა და გემოების აღმოჩენა იტაცებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში ამ დროისთვის მოდურად იქცა, ღვინის ბარებში, რესტორნებში, პრესამ და კარგმა პიარმა მომხმარებელს მათ მიმართ ინტერესი გაუჩინა. უნიკალური არომატები, ინდივიდუალური წარმოების ტექნიკა, ისტორიის მნიშვნელობა, ეს ის ფაქტორებია, რითაც ქართულმა ღვინომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ბაზრის, ბრიტანეთის ყურადღება მიიპყრო” - აღნიშნა მან.
ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია „Swirl Wine Group“-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.