28-09-2018
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და ყველა პარტნიორ ქვეყანაში 100 პროცენტით უჭერენ მხარს.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა საქართველოს საშუალებას მისცემს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული დეპოპულაციის პროცესი შეაჩეროს.
„ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100 პროცენტით უჭერს მხარს ამ ინიციატივას.
მე დღეს გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ განვაცხადე, რომ რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, როგორ შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორ შევქმნათ პლატფორმა დიალოგისთვის და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე, კომერციულ საქმიანობაზე, რათა ჰქონდეთ ელემენტარული საშუალება, თავიანთი ოჯახები გამოკვებონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ ამ ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.