« ნოემბერი 2024 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
21-01-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
თენგიზ ნასარიძემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას.
„სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. მსგავს მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობით, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ცნობადობის ზრდას და რეალიზაციას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის (შპს ჩელთის, შპს აჩინებულის, შპს თორელი ვაინსის, შპს დაბის, სს თელიანი ველის, შპს გემუანის, ი/მ გოჩა ოთარაშვილის, შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის, შპს მტევინოს, შპს თენგიზ ბალუაშვილის ქართული ვაზი და ღვინის, შპს თიემთის, შპს ქართული ლიმონათის, შპს ტერაქისი ღვინოების, შპს ჩემპის, შპს მაისტერ ბრაუს) პროდუქცია - თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა,ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გამოფენის მონაწილე კომპანიებიდან 8 სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, ყოველ წელს მატულობს ქართული პროდუქციის ცნობადობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
„გამოფენაში მონაწილება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს ევროპის ბაზარზე, კონკრეტულად კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოფენის ფორმატი იძლევა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობასაც, რომლის ფარგლებშიც ასევე მოხდება ქართულ პროდუქციის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ საქართველოს სტენდთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან კერობიანს უმასპინძლა და წარმოდგენილი პროდუქცია გააცნო. თენგიზ ნასარიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრ მადის კალასთან და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესთან.
წელს გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი, 400000-ზე მეტს აღწევს.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, უკვე 98 წელია ყოველწლიურად იმართება. გამოფენა 29 იანვარს დასრულდება.