გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: გვაქვს რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ

29-01-2024

ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა. საკმარისია დახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე ე.წ. PPP მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და ზუსტად გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად - ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში - არა 58 და 51 პროცენტით, არამედ 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა.


გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა.ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.


ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებამ დააჩქარა. რეალურად, თუ გადავხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში 2003 წელს გაწევრიანდნენ, ვნახავთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2003-23 წლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის - 3-ჯერ, ხოლო სლოვენიისა და უნგრეთის - 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე წლებში, იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა არა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ, არამედ 7,5-ჯერ გაიზარდა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა. 2028 წელს საქართველოს PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი ჩამორჩენა 99%, ესპანეთთან - 86%, პორტუგალიასთან - 72%, ხოლო საბერძნეთთან - 48% იქნება.


ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა“- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.