6-02-2024
„ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო,“ - ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას.
ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე - ანგარიში.
“დღეს, სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიში წინასაარჩევნო გამოსვლით ჩაანაცვლა. პრეზიდენტს ურჩევნია, ჯერჯერობით ტენდენციურ არბიტრად დარჩეს, ვიდრე წაგებულ ველზე მთლიანად გადაბარგდეს. იგი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერობას ამ ეტაპზე ვერ კისრულობს, რადგან იცის რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს.
მისი დაანონსება საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო აქტიურობა. ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო. მისი განცხადება: „ოპოზიციური ლიდერების დაწუნების დრო არ არის“, ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, სააკაშვილს შეიწყალებს და ამით საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს.
პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ომის საფრთხეზე. ამაში ჩანს მისი წინდაუხედაობაც, უპასუხისმგებლობაც და ცალ ფეხზე დგომაც. სამაგიეროდ, ხშირად ახსენა მოძრაობა „ხალხის ძალა“, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური ფულით დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ და კიდევ ერთხელ უწოდა ამ კანონს რუსული. თუმცა, „ევროპულად“ მოაზროვნე ზურაბიშვილს დაავიწყდა ის, რომ ამ „მოსკოვის ნაკარნახებ“ კანონს თავად ევროკავშირი იღებს. პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე - ანგარიში.
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროპაგანდა ნაკლებად საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. როგორი დაკვეთაც არ უნდა მისცენ ზურაბიშვილს უცხოეთიდან, მისი წარმატებით განხორციელების შანსი უპერსპექტივოა,” - წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.