გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილმა პარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გააცნო ინფორმაცია

6-02-2024

საქართველოს გარდაქმნა რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად და ამ კუთხით არსებული რეალური პოტენციალის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დღეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა დუპუტატებს ამ მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს - 2024 წელს შეირჩევა ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება. მისი ინფორმაციით, 2024 წელს ასევე დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და შესაბამისად, ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე.


„2024 წელს დაგეგმილი გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ამისთვის შეფასდება აეროპორტის განვითარების სწორი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა თუ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, მისი ინფორმაციით, სამინისტრო 2024 წელს აქტიურად იმუშავებს ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარება-გაფართოების და შიდა აეროპორტების მშენებლობისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის - საქართველოს აეროპორტები ჯამურად 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ (6 013 995), რეისების რაოდენობა კი 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს, 6%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება 6.8 მილიონამდე მგზავრს, რაც 14%-იანი ზრდაა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით.


„აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტიც. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისთვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე აქტიურად გაგრძელდება ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა - 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5 000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1000-მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა.