გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

8-02-2024

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა.


საქართველოს მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა გიორგი ამილახვარმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის - ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილმა, თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანმა, იუსტიციის მინისტრის - რატი ბრეგაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრის - თეა წულუკიანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ზურაბ აზარაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - ირაკლი ქარსელაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის - ილია დარჩიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის - ლაშა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის - თეა ახვლედიანმა.


„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.


მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომელთან ერთადაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს საქართველოში არსებულ ვითარებაზე.


„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, „ელიტური" კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ „ჩარეცხილი" ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.


„ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური და რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ხოლო ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარიდან 28,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. უპრეცედენტოდ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები – შემოღებულ იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნა სოციალური დახმარების სისტემა, რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა დემოკრატიული გარდატეხის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური პლურალიზმის ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესების, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის, მედიაპლურალიზმის დამკვიდრების ფონზე. ასევე, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგია, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან კი მოგვენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მან აღნიშნა, გასული სამი წლის მანძილზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად წარმატებულად საქმიანობდა ირაკლი ღარიბაშვილი.


„გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი საქმიანობა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, საქართველოში შექმნილ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ურთულეს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით. ამ უმძიმეს ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა უდიდესი წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ამისთვის", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო პროგრამას, რომელიც თავის დროზე მისი, როგორც საარჩევნო შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით დაიწერა.


„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა „ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო პროგრამის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ მიერ ახლად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მხოლოდ 10-თვიან პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტი, არსებითად „ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო პროგრამითა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ბოლომდე მიყვანას ითვალისწინებს, რომელიც უკვე ბიუჯეტის დონეზეა გაწერილი.


იმავდროულად, დაიწყება მუშაობა „ქართული ოცნების" ახალ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას დაედება საფუძვლად", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისივე ინფორმაციიით, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება.


„ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეკონომიკის ზრდაზეა თვისობრივად დამოკიდებული როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ისე ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.


„დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, კონფლიქტების მოგვარებისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური პოლიტიკის და ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ ირაკლი კობახიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციების და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.