გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: უიარაღოდ, ფინანსების გარეშე და ეკონომიკური კოლაფსის პირობებში დარჩენილი უკრაინა უბრალოდ დიდხანს ვეღარ გაძლებს; სწორედ ამ მომენტს დაელოდება კრემლი, რათა „დათანხმდეს“ მოლაპარაკების მაგიდასთან სათავისოდ მისაღები სტატუს-კვოს დაფიქსირ

18-02-2024

უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული საომარი მოქმედებების მეორე წლისთავის მოახლოებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას აჯამებს და ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე ვრცლად წერს.


მისი თქმით, ომის შედეგად განადგურებულია ათობით ქალაქი და სოფელი, მწყობრიდანაა გამოსული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი, დაღუპულია ასიათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა.


„გვიახლოვდება უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის ომის დაწყებიდან მეორე წლისთავი. უკრაინას ამ ორმა წელიწადმა მოუტანა ასიათასობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა, აქედან ასობით ბავშვი, ქვეყნიდან გასული 10 მილიონზე მეტი მოქალაქე და უამრავი შიდამიგრაციული პროცესებით გამოწვეული იძულებით გადაადგილებული პირი. ასევე, ათობით განადგურებული ქალაქი და სოფელი, მწყობრიდან გამოსული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები; ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი, სახელისუფლებო გაუგონარი პოლიტიკით გამოწვეული, საკუთარ ეკლესიაზე მიტანილი „შტურმი“, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის სულიერ-სარწმუნოებრივ მკვებავ წყაროებთან მისი განშორების მიზნით. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად გვესმის ბრძოლის ველიდან დამაიმედებელი ინფორმაცია რუსეთის სამხედრო დასუსტების თაობაზე. დასავლეთის საერთაშორისო რუპორები გვამცნობენ რუსეთის არნახული ეკონომიკური დასუსტების შესახებ, ამ ეტაპზე გამოცხადებული 12 სასანქციო პაკეტის ფონზე.


ვეცადოთ, ოდნავ უფრო მივუახლოვდეთ თვით რუსეთის გეგმებს ამ ომთან დაკავშირებით: რას ფიქრობენ, რას გეგმავენ, როგორ უმკლავდებიან და ა.შ. თუ გამოვალთ პროპაგანდისტული მანქანების ტყვეობიდან, აშკარად შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლი იმაზე უფრო დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, ვიდრე ამის წარმოსახვას ცდილობენ ჩვენში. თუ მის ამ პოზიციას განაპირობებს არა თავდაჯერებულობით შენიღბული უიმედობა, ვეცადოთ, განვიხილოთ მის საფუძველში არსებული წინაპირობები. მაშ ასე, კრემლის სავარაუდო „ლოგიკა-2024“:


➢ 2024 წელს უკრაინულ ფრონტზე რუსეთის პოზიციური უკუსვლა გამორიცხულია, მხარეთა სამხედრო-ტექნიკური პოტენციალების გათვალისწინებით;


➢ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში იძლევა შეზღუდული წინსვლის განხორციელების შესაძლებლობას – 2022 წელს არსებული კულუარული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და მოქმედი ხელისუფლების შენარჩუნების დათქმით;


➢ მიუხედავად გასული წლის ბოლოს და მანამდე გამოთქმული არაორაზროვანი მინიშნებებისა „რუსული“ ქალაქების – ოდესისა და ნიკოლაევის თაობაზე – 2024 წელზე გათვლილი კრემლის ძირითადი გეგმა ითვალისწინებს დონეცკის ოლქის დარჩენილი 40%-ის გათავისუფლებას და მაქსიმუმ, მდინარე ვორსკლას გასწვრივ, ხარკოვსა და მის მიმდინარე ტერიტორიაზე იერიშის მიტანას, სამხრეთის მიმართულებით კი, ზაპოროჟიე-კურახოვოსთან მიახლოებას;


➢ „შეზღუდული საომარი მოქმედებები“ იძლევა საშუალებას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს კრემლის სცენარით, დამატებითი საგარეო ექსცესების გარეშე, რათა პუტინის შემცვლელთან დაკავშირებულმა „დამოკლეს მახვილმა“, 2024 წლიდან გადაინაცვლოს 2030 წელს;


➢ როგორც მინიმუმ, არჩევნების დასრულებამდე, რუსეთში ნარჩუნდება მმართველი ელიტების მტკიცე კონსენსუსი. რუსეთის ფედერაციის სისტემის შენარჩუნების ბაზისს კვლავ წარმოადგენენ „ცენტრისტული განწყობები“ და კონფლიქტის „კონსერვაციის“ მომხრეების ხელშია ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „საკონტროლო აქციათა პაკეტი“;


➢ რუსეთის ამ ბაზისს კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ეკონომიკის გადაწყობა სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებით;


➢ საომარი მდგომარეობის პერიოდში მომძლავრებული „ქორების“ პარტიას (პროექტი „მობილიზაცია“) 2024 წელს, „დაკონსერვებული ომის“ პერიოდში, თავის ბოლომდე განუხორციელებელ ენერგიასა და მილიტარისტულ მუხტს მიმართავენ ოდიოზური ლიბერალური და აგენტურული ქსელების გამოვლენისა და ამოძირკვის მიზნით. თუმცა კრემლის ძირითადი ფსონი და იმედი უკავშირდება თეთრ სახლში ტრამპისა და კონსერვატორ-რესპუბლიკელთა დაბრუნებას. კრემლის მოლოდინში ეს ფაქტი ეჭვებს არ იწვევს. რუსეთის აზრით, მომავალ პრეზიდენტ ტრამპის პირველი რანგის ამოცანებში შევა აშშ-ის არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილი „სიღრმისეული სახელმწიფოს“ (deep state) მაქსიმალური დასუსტება.


კრემლი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი გაითვალისწინებს თავისი მმართველობის პირველ ვადაში დაშვებულ ფატალურ შეცდომებს და მოწინააღმდეგესთან „მშვიდობიანი მოლაპარაკებების“ ტაქტიკას ჩაანაცვლებს „ბართლომეს ღამით“ და ამ შემთხვევაშიც კი, ვინ გაიმარჯვებს და ვინ დამარცხდება, კრემლს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს – მთავარია, მაქსიმალურად იქნას გამძაფრებული აშშ-ის ყველა კონფლიქტური წერტილი ქვეყნის ტოტალურ ქაოსში ჩაძირვის მიზნით.


კრემლის ვარაუდით, რიგითობით მეორე გლობალური ამოცანა, რომლის განხორციელებით ტრამპი დაკავდება – ჩინეთია. პირდაპირი საომარი მოქმედებების ალბათობა ძალზე დაბალია, თუმცა ეკონომიკური ომების „ცუნამი“ მოსალოდნელია. ამ შემთხვევაში, რუსეთი ელოდება სათავისოდ ახალი შესაძლებლობების ფართო კარიბჭის გაღებას. უპირველესად, აშშ-ის გამოსვლას „უკრაინული პროექტიდან“, მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორების გადატანას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის მიმართულებით. ხოლო რუსეთს საგარეო მიმართულებაზე – აშშ-ჩინეთს შორის გარკვეულწილად მედიატორის ფუნქციის ჩამოყალიბების პერსპექტივები კი შეიძლება გაუჩნდეს.


ამ ოცნებისა და მისი ხორცშესხმის ავტორად დღეს თამამად შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის დასახელება, რომელმაც თავისი უახლოესი გარემოცვაც კი დაარწმუნა ამ გეგმის პერსპექტიულობაში. უკრაინაში ამ მომენტში მიმდინარე საომარი სცენარი მაქსიმალურად თამაშობს პრეზიდენტ ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ ამერიკის არჩევნებამდე არანაირ ცვლილებას და, მით უმეტეს, მოლაპარაკებების პროცესის ინიციირებას, რუსეთის მხრიდან ადგილი არ ექნება. ამერიკისა თუ ევროპის სახით „შუამავლების“, მით უმეტეს, მათში გარანტორების როლის, კრემლს არ სჯერა, ხოლო მისი პოტენციური პარტნიორები (ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი) ამ როლისგან დისტანცირებას ამჯობინებენ. აქაც ძირითადი ფსონი ტრამპის დაბრუნებაზე და იმ მოლოდინზეა, რომ ის წერტილს დაუსვამს ევროპისა და უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას, რითაც უკრაინას პირისპირ დატოვებს რუსეთთან. თუმცა, ამ ალბათობის პირობებშიც კი, კრემლის ტრიუმფალურ გამარჯვებამდე საქმე ვერ მივა – ამ შემთხვევაში, უიარაღოდ, ფინანსების გარეშე და ეკონომიკური კოლაფსის პირობებში დარჩენილი უკრაინა უბრალოდ დიდხანს ვეღარ გაძლებს. სწორედ ამ მომენტს დაელოდება კრემლი, რათა „დათანხმდეს“ მოლაპარაკების მაგიდასთან სათავისოდ მისაღები სტატუს-კვოს დაფიქსირებას“, - წერს დავით ქართველიშვილი.