გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება

21-02-2024

ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება.


„დიდი მადლობა გენერალურო მდივანო ნატოს შტაბბინაში მიღებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე გვიწევს საუბარი. მომეცით ნება, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო საქართველოს გულწრფელი მადლიერება ნატოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საქართველო ალიანსის უერთგულესი, ურთიერთთავსებადი პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება.


ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა პრემიერმა.