გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისს ოთხსართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება

2-10-2018

ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ჩასხმულია 15 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა -1 ნიშნულზე, სადაც ძირითადად საბარგო სისტემა განთავსდება. ასევე, მოწყობილია ნული სართულის (ე.წ. Ground floor) ფილა, დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი.


„ამ დროისთვის, ახალი ტერმინალის შენობის ცენტრალურ უბანზე მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი ე.წ. ანტრესოლის მოსაწყობად, სადაც საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოთახები უნდა განთავსდეს. ანტრესოლის შიდა სივრცე იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალურ ნაწილში იქნება ოთხი, ხოლო ჩამოფრენის დარბაზის ნაწილში – ორი სართული“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ინფრასტრუქტურის განვითარების მენეჯერმა გიორგი მიხანაშვილმა.


დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტს 7 გასავლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000–1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.


„ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. 2019 წელს დაიწყება არსებული ტერმინალისა და ახალი ტერმინალის შენობის შეერთების ფაზა, კერძოდ განხორციელდება არსებული ტერმინალის ლითონკონსტრუქციების ნაწილის დემონტაჟი და არსებული და ახალი შენობები ერთიანი ახალი ტერმინალის საერთო სივრცეს შექმნის. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისთვის იქნება განკუთვნილი“, – განაცხადა გიორგი მიხანაშვილმა.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგმა მოამზადა, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 105 ადამიანია დასაქმებული.



1tv.ge