29-02-2024
თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" გაიმარჯვა. კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს - ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია - ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის - შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.
„თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ზოგადად შიდა ავიაციის განვითარების კუთხოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით - ის ცალსახად ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობის ზრდას, მათ საშუალება ექნებათ, უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის თუ ტურისტული ლოკაციების მონახულება", - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.