გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიმიტრი ხუნდაძე: ქართველ ხალხს იმის დასაბუთება არ სჭირდება, თუ რისგან იცავს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ეს კანონი ქვეყანას, მაგრამ, ხალხისგან განსხვავებით, ამის ახსნა სჭირდება ოპოზიციას

5-03-2024

„სამართლებრივ სახელმწიფოში ზრუნავენ როგორც უმცირესობის უფლებების, ასევე უმრავლესობის უფლებების დასაცავად, ამ თემის ირგვლივ პროპაგანდამ კი, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურ ხასიათს იღებს, დასაცავი უკვე უმრავლესობა გახადა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ლგბტ პროპაგანდა სწორედ რომ ეროვნულ ცნობიერებას ანადგურებს ახალგაზრდებში და მათ მომავალს სპობს.


„რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ განცხადება გააკეთა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას. არ ავურიოთ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა უფლებების დაცვაში, რადგან ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვეყანას უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს და მათი უფლებები მყარად არის დაცული.


სამართლებრივ სახელმწიფოში ზრუნავენ როგორც უმცირესობის უფლებების, ასევე უმრავლესობის უფლებების დასაცავად, ამ თემის ირგვლივ პროპაგანდამ კი, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურ ხასიათს იღებს, დასაცავი უკვე უმრავლესობა გახადა. დაცვა სჭირდება ხალხს და ქვეყანას, რომელსაც ამჯერად უიარაღოდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ანადგურებენ. ეს ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი საომარი ქმედება.


საზოგადოებას „გაღმიდან" უკვე აგონებენ, რომ ახალშობილისთვის ტრანსგენდერის მკერდით მიწოდებული რძე ხარისხობრივად არ განსხვავდება დედის რძისაგან; რომ ქორწინებისთვის სხვადასხვა სქესი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს;


რომ დედას „დედა“ აღარ უნდა დავუძახოთ და მამას - „მამა“, ვაჟიშვილს - „ვაჟიშვილი“, ისევე როგორც ქალიშვილს - „ქალიშვილი“. არც ის უნდა იყოს უცხო, რომ რუსთაველზე, ესპანეთის მსგავსად, პედოფილებმა გამომწვევად ჩაცმული ბავშვები გეიაღლუმის ჩასატარებლად გამოიყენონ.


როგორც ჩანს, მსოფლიოს მოსახლეობის ბიომასად გადაქცევის გადაწყვეტილება სადღაც უკვე მიღებულია და ამ მორევში საქართველოსაც ითრევენ. ბიომასად ქცეული, ღირსება აყრილი საზოგადოება კი იოლად სამართავია და ყველა დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებს.


ქართველ ხალხს იმის დასაბუთება არ სჭირდება, თუ რისგან იცავს ეს კანონი ქვეყანას. მაგრამ, ხალხისგან განსხვავებით, როგორც ჩანს ამის ახსნა სჭირდება ოპოზიციას.


„ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი საბოლოო და სრული ლუსტრაცია თავისთავად მოხდა. ამით მათი პოლიტიკა გაშიშვლდა და ფარისევლური მზრუნველის მანტია შემოეხსნათ.


ამის შემდეგ ვეღარ უნდა გაბედონ ვერც გიორგი ვაშაძემ და ვერც მისნაირებმა საქართველოს დემოგრაფიაზე, ქვეყნის მომავალზე და ახალგაზრდებზე სიყალბით დამახინჯებული საუბარი, რადგან LGBT პროპაგანდა სწორედ რომ ეროვნულ ცნობიერებას ანადგურებს ახალგაზრდებში და სპობს მათ მომავალს.


რატომ გავუსვი ხაზი ოპოზიციის სიყალბეს, რადგან სიყალბე და სპეკულაცია დღესაც გამოჩნდა მათი მხრიდან. არაერთხელ მოგისმენიათ მათგან, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 800 000 კაცი გაიქცა ქვეყნიდან, არადა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიგრანტი გახდა 47 000 მოქალაქე. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე არ ყოფილა საქართველოს 800 000 მოქალაქე მიგრანტად ქცეული. რიცხობრივად თუ შევაფასებთ, ეს არის, დაახლოებით, 653 000-იანი ხარისხის ტყუილი.


ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ თურმე დღეს ოთხსულიან ოჯახს მინიმალური საარსებო პირობებისთვის 6000 ლარი ხელფასი სჭირდება - 10 000 უკეთესია, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ამის მთქმელთ არ ახსენდებათ, მათი მმართველობის პერიოდში პენსია რომ 125 ლარი იყო. 125 ლარი თურმე დღეს 6000 ლარის ტოლფასია.


ისევე, როგორც ბავშვთა სიღარიბეზე როცა საუბრობენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მათი მხარდაჭერა ბავშვებისადმი სოციალური მიმართულებით 0 იყო და დღეს ეს ციფრი არის 600 მილიონი ლარი წელიწადში.


ტყუილია ყველაფერი, რასაც ისინი საუბრობენ - მიგრაცია, ბავშვთა სიღარიბე, 1000 ლარიანი პენსიები და დემოგრაფია მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ახსენდებათ. არჩევნების შემდეგ ესენი მათ არ ახსენდებათ და ქუჩაში გადიან, თითქოს არჩევნები გაუყალბდათ.


ოპოზიციის მიზანია, რომ სწორედ ეს ლგბტ პროპაგანდის საკითხი გადაფარონ. მათ მინდა ვუთხრა - მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მიმართულება ნამდვილად უკეთესად არის დასახვეწი, ღირსება საქართველოში კუჭზე არ გადის და არასდროს არ იყიდება. ასეთ ბინძურ და სახიფათო თამაშებს თავი დაანებონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.