გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ 2024 წელი ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიებში ახალი ისტორიული შედეგების წელი იქნება

5-03-2024

„ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიების 2023 წლის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ მიმდინარე წელი ახალი წარმატების, ახალი ისტორიული შედეგების, ახალი რეკორდული მონაცემების წელი იქნება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ამ ინდუსტრიების გასული წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმების პრეზენტაცია წარმოადგინა.


ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მარიამ ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ტურიზმისა და ავიაციის სექტორში 2023 წელს გაწეული სამუშაოს, დაფიქსირებული მონაცემებისა და ასევე მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში 4.1 მლრდ აშშ დოლარი შევიდა. ასევე რეკორდული მგზავრთნაკადი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - 6 მილიონზე მეტი მგზავრი.


„გასულ წელს საქართველოში შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა - 9 ავიაკომპანია და ჩვენს საავიაციო ბაზარს 21 ახალი პირდაპირი მიმართულება დავამატეთ, საიდანაც 8 ევროპული მიმართულებაა. ავიაციის ყველა პარამეტრში გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, შესაბამისად, გაზრდილია მგზავრთნაკადი, ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერება აისახოს მთელი საზოგადოების, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაზე, ტურიზმის დარგი კი კვლავ იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით - შექმნას ახალი სამუშაო ადგილები ყველა რეგიონში.


მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა ავიაციის სექტორში წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მათ შორის თელავის აეროპორტის განვითარების, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტებზე. მისი შეფასებით, მათ მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნებათ შიდა ფრენების და ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკაზე. რაც შეეხება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.


„მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული კვლევების და ანალიზების საფუძველზე - თუ რა იქნება სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მომგებიანი და სწორი გადაწყვეტილება, მოხდეს არსებული აეროპორტის გაფართოება თუ აშენდეს ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში და ჩვენ ასევე შევიძინოთ ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, მათ შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ევროპულ, დაბალბიუჯეტიან, ჰიბრიდული ტიპის ავიაკომპანია „ტრანსავიასთან", რომელიც პირდაპირ ფრენებს დაიწყებს ამსტერდამი-თბილისი მიმართულებით. მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაბაზარზე მეტი მაღალი გამტარუნარიანობის მქონე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები შემოვიდეს.


გასულ წელს ტურიზმის კანონის ინიცირება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი, დაბალანსებული კანონპროექტია, რომელშიც სრულადაა გათვალისწინებული როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის ინტერესები, რათა ინდუსტრიამ კიდევ უფრო წარმატებით იმუშაოს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.