გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კალიებთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს FAO-მ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა

7-03-2024

პროგრამის „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“ ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). 


მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, კალიების მონიტორინგი დიდ ფართობზე ეფექტიანად განახორციელონ, რაც ხელს შეუწყობს კალიების პოპულაციის მართვას.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.


„გადმოგვეცა 4 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, რომელიც გამოიყენება კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, კერძოდ, დიდი ფართობების მონიტორინგისას  ხდება გავრცელების არეალის მონიშვნა, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად.

FAO-სთანწლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიხვეწა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; დაინერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, რაც ხელს უწყობს კალიების პოპულაციის მართვას და სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილებას“,  - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.


საქართველოშიFAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ, მამუკა მესხმა კალიებთან ბრძოლის პროგრამის მნიშვნელობაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.


„აღნიშნული პროგრამა არის ტრანსსასაზღვრო და ხორციელდება არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, კალიების პოპულაცია იმდენად შემცირდეს, რომ ზიანი მინიმალური იყოს და შენარჩუნდეს მოსავალი, რათა უზრუნველვყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება.  პროგრამა ასევე ფოკუსირდება რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირებაზე რეგიონის ქვეყნებში. მოხარული ვართ, რომ FAO-ს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში  თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი მეთოდი და პრაქტიკა დანერგა“ - განაცხადა მამუკა მესხმა.


ტექნიკის გადაცემის ღონისძიება კახეთის რეგიონში, საველე პირობებში გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ახალი ტექნიკის შესაძლებლობებს.


ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კალია საფრთხეს უქმნის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობას და, შესაბამისად,  სასურსათო უსაფრთხოებას.  საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია იტალიური და მაროკოული კალია, რომლებსაც მასიურად გამრავლების და სწრაფად გადაადგილების უნარი აქვთ. როგრამა „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“, საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, FAO-ს მხარდაჭერით, დანერგა პესტიციდების მცირე რაოდენობით  გამოყენების თანამედროვე მეთოდები მცირე მოცულობის შესხურების აგრეგატების მეშვეობით.  კალიების წინააღმდეგ გამოიცადა ახალი, მაღალეფექტური პრეპარატები, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია დაცულ ტერიტორიებსა და წყალსატევების სიახლოვეს.


საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც 5 წლის განმავლობაში ხორციელდება პესტიციდების ნარჩენების დაშლის მონიტორინგი. FAO-ს მხარდაჭერით, საქართველოში  ჩატარდა კალიების მართვასთან დაკავშირებული სწავლებები რეგიონის სპეციალისტებისთვის; გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელოები; დაინერგა კალიების რეგიონული პროგრამა (GIS), რომელშიც აისახება ბენეფიციარი ქვეყნების მიერ კალიების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები, რაც ანალიზისა და  ადრეული პროგნოზირებას  საშუალებას იძლევა.