გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ჩვენი მოთმინების „ფურუნკული" ერთხელაც გასკდება: ჩვენ გადავრჩებით, ხოლო დასავლეთს საქართველოზე მოგონებების სახით მხოლოდ ჩვენი კრიმინალები და რეციდივისტები შერჩება

9-03-2024

„საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის დაუსწრებლად პატიმრობამისჯილები დღეს სრული თავისუფლებით სარგებლობენ ევროპის კონტინენტზე და უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. მათი სრული ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, განსაკუთრებით კი, ეს უკრაინას ეხება," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აქვეყნებს იმ ძებნილ პირთა ვინაობას, რომლებიც საქართველომ დაკავების შემდეგ პარტნიორ ქვეყნებს გადასცა. ქართველიშვილი პოსტში სინანულით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს პარტნიორული ურთიერთობების წესებს მეგობარ ქვეყნებთან მიმართებაში, იგივე არ ხდება მეგობარი ქვეყნების მხრიდან, მათ შორის უკრაინიდან. ასეთი დამოკიდებულება კი, აჩენს საქართველოში ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური განწყობების საფუძვლებს.


„საქართველო საკუთარ დეკლარირებულ პარტნიორებთან იძულებულია „ცალმხრივი მეგობრობის" პოლიტიკა გაატაროს ისეთ მგრძნობიარე სფეროშიც კი, როგორიც არის საკუთარ ტერიტორიაზე დამნაშავე კრიმინალებისთვის სახელმწიფო მფარველობის გაწევა. მაშინ, როდესაც მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ თავის პარტნიორებს არაერთი ძებნილი გადასცა, ჩვენი პარტნიორები აგრძელებენ საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენი ძებნილებისა და დაუსწრებლად მსჯავრდადებულებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფას.


2022 წელს საქართველომ დააკავა და ამერიკაში ექსტრადირება მოახდინა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი. 2023 წელს საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების (ნდრანგეტა) მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.


2023 წელს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. იმავე წელს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სერბეთის მოქალაქე კრისტიან კრსტიჩი ბათუმში იქნა დაკავებული, რომელიც 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე იყო ბრალდებული, რის შემდეგ იგი ექსტრადირებული იქნა ამერიკაში.


გამონაკლისი არც 2024 წელი იყო, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელ ცირკულარით ძებნილი პირი საქართველომ აშშ-ს გადასცა.


ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში ტეხასის შტატში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანის შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.


ეს არის მხოლოდ ორი წლის მონაცემების არასრული ჩამონათვალი, მაშინ როდესაც საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის დაუსწრებლად პატიმრობამისჯილები დღეს სრული თავისუფლებით სარგებლობენ ევროპის კონტინენტზე და უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. მათი სრული ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, განსაკუთრებით კი, ეს უკრაინას ეხება.


სწორედ მსგავსი ეპიზოდები ქმნიან საქართველოში ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური განწყობების საფუძვლებს, ხოლო თუ დასავლეთი ამას არასერიოზულად უყურებს - სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენი მოთმინების „ფურუნკული" ერთხელაც გასკდება: ჩვენ გადავრჩებით, ხოლო დასავლეთს საქართველოზე მოგონებების სახით მხოლოდ ჩვენი კრიმინალები და რეციდივისტები შერჩება..." - წერს დავით ქართველიშვილი.