გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: 9 მარტიც ჩვენი ისტორიაა და იმ დღეს, სტალინელების ამბოხზე მეტად, უფრო სხვა რამის ეშინოდა საბჭოთა რეჟიმს

9-03-2024

“ჩვენმა დღევანდელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ 9 მარტის მიტინგზე სისხლი დაიღვარა არა მხოლოდ სტალინის კულტისთვის, არამედ, ქართველი სტუდენტების ეროვნული სულისკვეთების გამოც, რომ გამოეყენებინათ ეს მომენტი და საქართველო ეხსნათ საბჭოეთის კლანჭებისგან,” - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და პარალელს ავლებს 1956 წლის მარტის დღეებთან, როცა, როგორც ჩიბურდანიძე ამბობს, მაშინდელ ხელისუფლებას სტალინელების ამბოხზე მეტად, უფრო სხვა რამის ეშინოდა და ეს სხვა რამე ქართველი სტუდენტების ეროვნული სულისკვეთების გაღვიძება იყო. მეამბოხეთა მიზანიც საქართველოს საბჭოეთის კლანჭებისგან ხსნა იყო.


„1956 წლის 4-9 მარტის სისხლიანი დღეები ისტორიაში ჩაიწერა, როგორც სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის ქართველი ხალხის მასშტაბური აქციები, რომელიც რეგიონებიდან დაიწყო და თბილისში, დღევანდელი „დედაენის” ბაღში მიტინგის დარბევით დასრულდა. ეს ნამდვილად იყო სტალინის კულტის შეურაცხყოფისთვის დაწყებული საპროტესტო ტალღა საქართველოში, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ უმთავრესი ფაქტების შესახებ, რაც ამ დღეებს თან სდევდა.


საქართველოს უახლესი ისტორიის არქივი ინახავს დოკუმენტურ მასალებს, საიდანაც ბევრი რამ ხდება ცნობილი. 4-9 მარტის აქციებზე სიტყვით გამომსვლელთა ტექსტები იქვე, სტენოგრამებზე იბეჭდებოდა. ასევე, სტენოგრამებით არის შემონახული მიტინგზე ხალხში ჩუმი ჩანაწერებიც. სწორედ ამ გაშიფრული სტენოგრამებიდან ირკვევა, რომ სტალინის კულტისთვის დაწყებულ ბრძოლას ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი შეუერთდა და სხვა მიზნებისთვის იყენებდა. გაშიფრულ სტენოგრამებში თითქმის ყველა ქალაქში, ფოთში, ქუთაისში, გორსა თუ თბილისში გაისმა სიტყვები - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”.


ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ამ დღეებში გამოჩნდა მოძრაობა „გორგასლიანიც", ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ორგანიზაცია. ამავე დღეს და უფრო ადრეც, რამდენიმე ორგანიზაცია იქნა გამომჟღავნებული: "საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი", "საქართველოს განთავისუფლების კავშირი" და სხვ. ამ ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, სტალინელების მასშტაბური აქციები მთელს საქართველოში, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოეყენებინათ და ნანატრი თავისუფლება მოეპოვებინათ. ისინი ქართველებს „ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის გამო” საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოუწოდებდნენ.


ჩვენმა დღევანდელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ 9 მარტის მიტინგზე სისხლი დაიღვარა არა მხოლოდ სტალინის კულტისთვის, არამედ, ქართველი სტუდენტების ეროვნული სულისკვეთების გამოც, რომ გამოეყენებინათ ეს მომენტი და საქართველო ეხსნათ საბჭოეთის კლანჭებისგან. მაშინდელ კგბ -ს ყველაზე მეტად სწორედ მათი ეშინოდა," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.