3-10-2018
რუსული გამოცემა, «Независимая газета – Религия» აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია საქართველოს ეკლესიაში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში არსებულ ვითარებაზე.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
პუბლიკაციაში საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შორის მომხდარ კონფლიქტზე. როგორც ცნობილია, მიტროპოლიტმა ეჭვი შეიტანა სალომე ზურაბიშვილის პატრიოტობაში და საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი არასასიამოვნო ეპითეტებით შეამკო, ფაქტიურად - დასცინა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლებში ხაზი გაუსვა, რომ ქართული ეკლესიის წარმომადგენლები კონკორდატის პრინციპებს არღვევენო.
„სხვათა შორის, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იმითაც გამოირჩევა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ანუ მის გამოსვლას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებისაგან“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
მიტროპოლიტის შეგნებული მოქმედება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმას ნიშნავს, რომ პეტრე ცაავა ფაქტიურად პრეზიდენტობის კანდიდატის - „ნაციონალთა“ წარმომადგენლის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ მუშაობს. როგორც «Независимая газета»-ს ქართველმა საზოგადო მოღვაწემ ნანა კაკაბაძემ განუმარტა, „კონკორდატის პრინციპები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც ხშირად ირღვეოდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი რომც გახდეს, იგი კონკორდატს მაინც ვერ შეცვლის, უფლებამოსილება შეზღუდული ექნება“.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge