გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ კადრებს წარმატებები უსურვა

11-03-2024

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დიდი ხანია, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ღირსეული წევრი, ღირსეული პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც წლების მანძილზე თბილისის საკრებულოს წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო.


„ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტი. მინდა, ბატონ ლევანსაც ვუსურვო წარმატებები. ნიკა ტყემალაძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ნიკა არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სამუშაოების, მომსახურების ხარისხი, რომელიც ხორციელდება რეგიონებში. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მართებს დეპარტამენტს და დარწმუნებული ვარ, ბატონი ნიკა იქნება ამ დეპარტამენტის საუკეთესო ხელმძღვანელი", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ზურაბ აბაშიძეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.


„ბატონმა ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე, ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ დათანხმდა ჩემს შეთავაზებას ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ამ თანამდებობას დაიკავებს გიორგი ქაჯაია, რომელიც წლების მანძილზე იყო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დღეიდან ის იქნება უკვე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში", - განაცხადა პრემიერმა.