3-10-2018
საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ ხურვალეთიდან მოქალაქის გატაცების ფაქტს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტის მანძილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დახმარება.
აღსანიშნავია, რომ გატაცების ადგილას მაია ოთინაშვილის ოჯახის ახლობლები რეგულარულად შედიან. თუმცა, თავად მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს, რაც კიდევ უფრო აბსურდულს ხდის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ბრალდებებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების შესახებ.
სოფელი ხურვალეთი გამყოფი ხაზის სოფლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. მავთულხლართების გავლების შედეგად სოფლის 36 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, საძოვრები, სასაფლაო და რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ნაწილზე მოექცა, სარწყავი წყალი 2008 წლიდან გადაკეტილი აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას, ადამიანების გატაცებები და დაკავებები თითქმის ჩვეულ მოვლენად იქცა. ადგილობრივთა განცხადებით, რუსი და ოსი ე.წ. „მესაზღვრეები“ ხშირად გადმოდიან მავთულხლართების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლო გატაცების შემთხვევა 2018 წლის ივნისში მოხდა. აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.
პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში ვერ ახერხებენ შეღწევას. 2008 წლის აგვისტოს 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევით, რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების დაშვების უზრუნველსაყოფად. ცხინვალში დღეს არ არის არცერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უწყება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც პირადად შეხვდებოდა დაკავებულებს და ინფორმაციას გაუზიარებდა ოჯახის წევრებს.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის გაფართოება და დახვეწა. ეს შეიძლება მოიცავდეს დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის მინიჭებას, და ა.შ. ამის გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რესეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა მისცენ შეუფერხებელი და შეუზღუდავი დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დახურულ დაწესებულებებში“-ნათქვამია განცხადებაში.