გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გერმანულ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

14-03-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გერმანული კომპანიის „ბაივა ცე ეს საქართველო“ (BayWa CS Georgia) დირექტორმა იოჰან ბრუნერმა სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


მემორანდუმი ითვალისწინებს სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობას, საკადრო რეზერვის შექმნას და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.


კომპანია "ბაივა ცე ეს საქართველო" უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არანაკლებ 15 სტუდენტს სთავაზობს პრაქტიკის კურსების გავლის შესაძლებლობას.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენელს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის. „ვფიქრობ თქვენ კომპანიასთან თანამშრომლობა საინტერესო პროექტი იქნება. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა, არამედ დასაქმდნენ სასურველ პოზიციებზე“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკის კურსებს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებულ პოზიციებზე;  მათ ექნებათ წვდომა კარიერული განვითარების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე; ასევე,  აქტიური კომუნიკაცია ექნებათ მომავალ დამსაქმებელთან და გაივლიან კონსულტაციას ვაკანსიებთან დაკავშირებით.


როგორც გერმანული კომპანია "ბაივა ცე ეს საქართველოს" (BayWa CS Georgia) დირექტორმაიოჰან ბრუნერმა აღნიშნა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ახალგაზრდა პერსონალის მოზიდვა. „ჩვენთვის პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. ჩვენს კომპანიას 450 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც თანამედროვე, ციფრულ გარემოში მუშაობენ. მემორანდუმის საფუძველზე თსუ-ის სტუდენტებიც შეძლებენ ამ გამოცდილების გაზიარებას, გუნდური მუშაობის პრინციპების შესწავლას, რაც გამოადგებათ სამომავლოდ კარიერის განვითარებაში“,- განაცხადა იოჰან ბრუნერმა.


"მსოფლიო სტანდარტების მქონე ინოვაციური ორგანიზაცია BayWa ასწლიანი გერმანული კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობის სფეროა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. 2023 წლის აპრილიდან კომპანია ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური მიმართულებით,  ბაივას 6 ფილიალში: აუგსბურგი, მიუნხენი, ფიურტი, პასაუ, შვაინნფურტი და ნაბბურგი.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები  უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B2+ დონეზე; ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს-ადმინისტრირების აქტიური სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან არაუგვიანეს ორი წლის კურსდამთავრებული"- აცხადებენ თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.