გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ თსუ პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე და ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

15-03-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე და ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.


მათივე ცნობით, დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ თეიმურაზ ვეფხვაძის სამეცნიერო მოღვაწეობაზე და ქართული მათემატიკური მეცნიერების განვითარებაში მის წვლილზე ისაუბრა.


„ქართული მათემატიკის სკოლისთვის და მეცნიერებისთვის მისი სახელი არის გამორჩეული. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, მნიშვნელოვანია მისი წვლილი მათემატიკის სახელმძღვანელოების შექმნაში. მისი წიგნებით სწავლობდა და სწავლობს არაერთი თაობა სკოლებში. ის 55 წელია მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დიდი მადლობა მას ამ თანამშრომლობისთვის“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე რიცხვთა თეორიის ცნობილი სპეციალისტია. იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ჩაერთო მეცნიერულ საქმიანობაში და ლიუვილის მიერ 100 წლის წინ დასმული პრობლემის მისეულმა ამოხსნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მეცნიერულ წრეებში. იგი არის რიცხვთა თეორიაში 60-მდე ნაშრომისა და 80-მდე სახელმძღვანელოსა და სტატიის ავტორი მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში. მისი ხელმძღვანელობით შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლება მათემატიკა პირველიდან მეთორმეტე კლასამდე.


თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს თეიმურაზ ვეფხვაძეს უნივერსიტეტის ოქროს მედალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის გადაეცა. ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თეიმურაზ ვეფხვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


„55 წელია ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის გარეშე ჩემთვის ცხოვრება შეუძლებელია. მსურს გავაგრძელო ეს საქმიანობა, იმიტომ, რომ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები. მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტები, ვისთვისაც ღირს ლექციაზე მოსვლა. დიდი მადლობა უნივერსიტეტს ჩემი შრომის ასეთი დაფასებისთვის“,- აღნიშნა თეიმურაზ ვეფხვაძემ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ (რობერტ გოგოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე, კობა ბერიაშვილი, ზურაბ ჩხაიძე, მალხაზ თალაკვაძე, ვასილ დოლიძე, თემურ ჭკუასელი, ჯემალ თამაზაშვილი, დავით პატარიძე, დავით აბესაძე) უნივერსიტეტის ოქროს მედლით ქართული სასიმღერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო კულტურულ-შემოქმედებითი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.


როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი ,,უნივერსიტეტი’’. 2004 წელს კი ანსამბლ უნივერსიტეტის სრული შემადგენლობა ანსამბლ ,,ქართული ხმებში’’მიიწვიეს. „ამ ლეგენდარულ ანსამბლს პირდაპირი კავშირი აქვს უნივერსიტეტთან და სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი, ოქროს მედლით ვაჯილდოებთ მათ“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


ანსამბლის „ქართული ხმები“ წევრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს და მის წარმომადგენლებს დაჯილდოებისთვის. „დიდი პატივია ჩვენთვის ამ ჯილდოს მიღება. ნახევარი ცხოვრება ამ უნივერსიტეტის კედლებში მაქვს გატარებული და ბუნებრივია, უნივერსიტეტისგან ასეთი დაფასება ძალიან ამაღელვებელია“,-აღნიშნა თეიმურაზ ჭკუასელმა.