გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა

19-03-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს არსებობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.


„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებით საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ. იქამდე ქვეყანას არ ჰქონდა კონკრეტული, მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორს მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა. დღეს კი მართლაც ბევრი გვაქვს სათქმელი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე სააგენტოს ბენეფიციარებმა.


ღონისძიებაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი მიმართულებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარების მნიშვნელობა. დამსწრე საზოგადოებას ამ კუთხით საქართველოს მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ვრცელი პრეზენტაციით გააცნო.


„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მისი პროდუქტიულობის გაზრდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. დღეს ყველა ქვეყანა ფოკუსს აკეთებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, თუ ვის როგორ გამოუვა ამ მიზნის მიღწევა, იმდენად კონკურენტუნარიანი და წარმატებული იქნებიან მომავალში. ჩვენ ადამიანური რესურსების, ადამიანური კაპიტალის გარეშე განვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბების მიზანს, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ, ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროსთვის ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


რაც შეეხება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობის სტატისტიკას - თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი სტარტაპი, საგრანტო დაფინანსების ოდენობამ კი 38 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შედეგად, დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ამასთან, საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში 80 პროექტი დაფინანსდა.


როგორც ხაზგასმით აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ყალიბდება - GITA-ს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა „500 Global“, რომელიც საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპების მონაწილეობით. ამასთან, საქართველოში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, სადაც სააგენტო 25%-იანი თანამონაწილეობით არის წარმოდგენილი.


ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, საქართველოში 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, შეიქმნა 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.


საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივაა დაგეგმილი: განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები; ასევე, დამატებით განისაზღვრება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ, თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით; კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავალო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.

ასევე, განისაზღვრა ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი; ფაგები; აგროტექნოლოგიები. მათი განვითარება-ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად იმუშავებენ.


„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ახლებური ხედვა შევთავაზეთ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად ტექნოლოგიების და ინოვაციების უფრო ეფექტურად გამოყენებით. ეს ინიციატივები ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების, ასევე კვლევის და განვითარების მიმართულებას - ისინი დაინერგება და მჭიდროდ იქნება დაკავშირებული რეალური ეკონომიკის სხვადასხვა დარგთან. ამ ინიციატივებს თამამად შეიძლება რევოლუციური ვუწოდოთ, ისინი მალე კანონმდებლობაში აისახება და საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.