4-10-2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა. ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ღვინის მწარმოებელ 20-მდე კომპანიასა და მარანს ეწვევიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღვინის ტურის ერთ-ერთი დღე ქვემო ქართლს დაეთმო, რომელიც საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ამ მხარეში აღსანიშნავია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც დღეისთვის ქვევრში ღვინოს 25 მცირე ღვინის მარანი აწარმოებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნური ღვინო არაერთ გამოფენა-დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლნისში სტუმრები რამდენიმე მწარმოებლის ღვინოებს გაეცნენ. ღვინის მაგისტრზე და სომელიეებზე რეგიონის ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ლიზა გრანიკის შეფასებით, ბოლნისში წარმოდგენილი ღვინოებიდან რქაწითელი და თავკვერი განსაკუთრებით გამორჩეულია.
„ამ ღვინოებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხდის. რქაწითელს აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველა ბოლნისური ღვინის მახასიათებელიცაა. ჩემთვის მათი დაგემოვნება მართლაც ამაღელვებელი იყო. რაც შეეხება თავკვერს, ის არის კარგად დაბალანსებული, მასში არის ელეგანტური ტანინები და ამ ადგილის ინდივიდუალიზმი, ჩვენც სწორედ ამას ვეძებთ - ღვინოებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალიზმი და გამოხატვის უნიკალურობა,” – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან გავლენიანი სომელიეები აშშ-დან, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორნებთან თანამშრომლობენ. ბოლნისელი მეღვინეების შეფასებით, ღვინის პროფესიონალების ვიზიტი მათი ღვინოების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს შეუწყობს.