25-03-2024
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
აჭარის მთავრობის ინფომრაციით, ბათუმში დასკვნით ეტაპზეა ღამის მუნიციპალური თავშესაფრის რეკონსტრუქცია.
შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე სივრცე, კეთილმოეწყო ეზო. დროებით ღამის თავშესაფარში 70 ბენეფიციარი შეძლებს სხვადასხვა სახის სერვისებით სარგებლობას.
მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა ბათუმში ე.წ. „შანხაის დასახლებაში" სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონი, საპარკინგე სივრცე.
ასევე, დასრულდა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საძირკვლის გამაგრება, შიდა სივრცისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია. ასევე, სრულად განახლდა შენობის სახურავი. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას ინვენტარის განახლებისა და წიგნების დაკომპლექტების შემდგომ დაიწყებს.
ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.