26-03-2024
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“, რომლის მიზანია გააღვივოს მოზარდებში ინტერესი კულტურული მემკვიდრეობისადმი; გააცნოს მოსწავლეებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა და პროფესიული თავისებურებები;
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე ,,არქეოლოგია-პროფესია, რომელიც დროში გამოგზაურებს“. მოზარდები გაეცნენ არქეოლოგიური სამუშაოების სპეციფიკას, გონიოსა და პეტრას ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, შექმნეს თემატური ჩანახატები. შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა არქეოლოგმა კახაბერ ქამადაძემ, პრაქტიკულ სამუშაოს უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე.
საგანმანათლებლო გაკვეთილებს ქ.ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-5 კლასის (პედაგოგი - ხათუნა დუმბაძე) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასის (პედაგოგი -ია გორგაძე) მოსწავლეები დაესწრნენ.