გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ ევროპის აკადემიის ღონისძიება „ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ“ გახსნა

27-03-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ღონისძიება „ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ“ გახსნა და ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა ქართული სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებთან დაახლოების ხელშეწყობაში.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ უკვე განხორციელებული პროექტების, სამომავლო გეგმებისა და ახალი პერსპექტივების შესახებ.


უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


მისი თქმით, ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ქვეყანაში.


„ეს არის მთელს ევროპაში ძალიან ძლიერი ქსელი, რომელიც აერთიანებს წამყვან მეცნიერებს. მათი საქმიანობის კიდევ უფრო გაშლა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩართული ვიყოთ საერთო ევროპულ სამეცნიერო სივრცეში და ის თანამშრომლობა, რომელიც დაწყებულია ევროპის აკადემიის საქმიანობის ფარგლებში, მხოლოდ წაადგება ჩვენი მეცნიერების განვითარებას. ევროპის აკადემიის ძირითადი მიზანია ბევრ საერთაშორისო პროექტში მიიღონ მონაწილეობა ქართველმა მეცნიერებმა“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა. მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებთან თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის საქმიანობას.

2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ქართველი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ამის შესახებ ისაუბრეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ, ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა 2019-2023 წლებში, პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა და ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზაალ კოკაიამ.


„ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი 2019 წელს დაარსდა. ევროპის აკადემიის ქართველი წევრები პირველივე დღიდან აქტიურად ვართ ჩართული ცენტრის საქმიანობაში. უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება. 2023 წლის ნოემბრიდან კი მე მერგო პატივი ვუხელმძღვანელო ცენტრს და ჩემს კოლეგებთან ერთად შევეცადო გამოვიყენო ევროპის აკადემიის პოტენციალი ქართული მეცნიერების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ.


პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორმა და თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა დავით ფრანგიშვილმა განვლილი პერიოდის შეჯამებისას აღნიშნა, რომ 2019 წელს რეგიონული ცენტრის დაარსება საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური მოვლენა იყო.


„გასული წლების განმავლობაში ცენტრმა არაერთი ღონისძიება განახორციელა, რომელიც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში დაეხმარა. დარწმუნებული ვარ, ცენტრი მრავალ საინტერესო ღონისძიებას განახორციელებს მომავალშიც და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის კვლევების წახალისებაში. მე, როგორც სამეცნიერო საბჭოს წევრი კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ცენტრის სამეცნიერო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში“, - აღნიშნა მან.


ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა და თსუ-ს მოწვეულმა პროფესორმა, ზაალ კოკაიამ ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების როლსა და მნიშვნელობას.


„ევროპის აკადემიას ამჟამად 12 ქართველი წევრი ჰყავს და თითოეული მათგანი თავისი დარგის წამყვანი მეცნიერია, მათგან მხოლოდ ნახევარი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას საქართველოში, დანარჩენები, კი ჩემი ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ინსტიტუტებთან არიან ასოცირებულნი. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად“, – აღნიშნა პროფ. ზაალ კოკაიამ.


ძირითადი მოხსენებების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია და დამსწრე საზოგადოებას მომხსენებლებისთვის კითხვების დასმისა და კონკრეტული საკითხების შესახებ მსჯელობის საშუალება მიეცა.


ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი 2019 წელს ევროპის აკადემიისა (Academia Europaea) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა დაფუძნდა. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულ ცენტრს დაარსების დღიდან აფინანსებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.