5-10-2018
ბათუმში ევროპის მოედანზე, დღეს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებების პროგრამას სთავაზობს. კერძოდ, გაიმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები, ფოლკლორ შოუ და სხვა ღონისძიებები.
მათივე ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
„ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების: „ბერმუხას“, „ელესას“, „ხორუმის“, „ათძალის“, „კოლხას“ , „მაჭახელას“, „ქობულეთის“, „ფესვებისა“ და „შუახევის“ ფოლკლორული ანსამბლების წარმოდგენებს დაესწრონ. 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს, სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ. 6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონის“ მუსიკალური ნომრებით დაიხურება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.