გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

UEFA: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, საქართველოს ამბიციური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კულმინაციაა

28-03-2024

საქართველოს გარღვევას განვითარების წლები უდევს საფუძვლად - ამ სათაურით სტატია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ევრო 2024-ის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ისტორია შექმნა და მსხვილ ტურნირზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ეს არის უახლესი მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია უეფას დახმარებისა და თამაშის განვითარების სტრატეგიის გამოყენებით.


„თბილისში მოედანზე ზეიმის აღნიშვნის კადრები კარგად გამოხატავს ამ მიღწევის სიდიდეს. ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა დარტყმამ საქართველოს საბერძნეთთან მატჩში გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.


ზოგიერთებისთვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოხვედრა სიურპრიზია, თუმცა ვინც ქართულ ფეხბურთს ახლოდან აკვირდება, აღნიშნავენ, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მათი ყოფნა დიდი ხანია მოსალოდნელი იყო. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველოს ამბიციური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების კულმინაციაა. ამ ფედერაციამ თავისი მუშაობის პარალელურად, არაერთხელ გამოიყენა უეფას მხარდაჭერა საკუთარი გავლენის გასაზრდელად.


საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024/25 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო B დივიზიონში იასპარეზებს და კიდევ უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მოსინჯავს საკუთარ ძალებს. საქართველოს წინსვლას ადასტურებს 2022/23 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში მათი ორი გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან - გუნდთან, რომელმაც საქართველოს ევრო 2020-ზე მოხვედრის საშუალება არ მისცა“, - წერს UEFA-ს ვებგვერდი.


ამასთანავე, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყენებს შესაძლებლობებს და მასპინძლობს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს, რათა გაზარდოს ინტერესი და საკუთარ გუნდებს მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინოს.


„2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, ფინალს კი 25 000 ადამიანი დაესწრო. 2023 წელს საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რა დროსაც საქართველოში გამართულ მატჩებს საერთო ჯამში რეკორდული რაოდენობა - 316 023 ადამიანი დაესწრო.


გასული ათწლეულის განმავლობაში სფფ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთის პოპულარობის გაზრდა იყო და ამაში მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 2015-დან 2021 წლამდე საქართველოში რეგისტრირებული მამრობითი სქესის ფეხბურთელების რაოდენობა 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა, ხოლო მდედრობითი სქესის ფეხბურთელების რაოდენობა ათზე მეტჯერ გაიზარდა“, - აღნიშნულია UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.