გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საპარლამენტო უმრავლესობა

3-04-2024

რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა.


მამუკა მდინარაძის თქმით, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.


„კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.


შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.


როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.


ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.