4-04-2024
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს სტუმრობდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჰოსპიტალის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკა, ის სამედიცინო სერვისები, რომლებსაც კლინიკა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სთავაზობს.
მინისტრმა დაათვალიერა ჰოსპიტალი, განახლებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა; ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების_ ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი დონის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი საპროცედურო და სადიაგნოსტიკო ოთახები. მიხეილ სარჯველაძე გაესაუბრა სტაციონარის მედ-პერსონალს და ვეტერანებს და მათ წარმატებები უსურვა, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას კი, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.
შეგახსენებთ, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა, ახალ მისამართზე ფუნქციონირება, 2020 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ კედიას ქუჩაზე მდებარე ფართი გადასცა. თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს, ვეტერანებს უსასყიდლოდ ემსახურება. სტაციონარში, ყოველდღიურად, 80-110 ბენეფიციარი იღებს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას. დღეის მონაცემებით, ჰოსპიტლის ერთიან მონაცემთა ბაზაში, რეგისტრირებულია 6000-ზე მეტი ბენეფიციარი; მიმდინარე წელს, ექსპლუატაციაში შევიდა განახლებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი; ჰოსპიტალში, ასევე, მიმდინარეობს სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობა.