5-10-2018
ქართული ღვინის დღეების - „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ გაიმართა.
ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ 2014 წელს დაფუძნდა და ტრადიციულად, რთველის მიწურულს იმართება.
თელავის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იყო წარმოდგენილი.
„თელავინო 2018“-ის გახსნას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი თქმით, ქართული ღვინის დღეები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„დღევანდელი დღე არის ზეიმი, მევენახეები და მეწარმეები ერთად აღნიშნავენ ღვინის ფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი კახეთში წარმატებული რთველის ფონზე ტარდება: გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ყურძენი, მევენახეების შემოსავალი კი 300 მლნ ლარს აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ფესტივალი „თელავინო“ წელს მეხუთედ ტარდება და აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილეთა, ასევე ფესტივალის სტუმრების, მათ შორის, უცხოელი ტურისტების რიცხვი”- განაცხადა ლევან მეხუზლამ.
„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა, მიმდინარე წელს კი ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5-დან 21 ოქტომბერამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
ფესტივალი „თელავინო 2018“ გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.