8-04-2024
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. სარიტუალო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გაიმართა სამხედრო სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლაც. საზეიმო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
პირველი „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს კი, ქვედანაყოფს სახელი შეეცვალა და „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში.